„სამგურალმა“ და „გაგრამ“ ქულები გაინაწილეს [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალმა“ და „გაგრამ“ ქულები გაინაწილეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. წყალტუბოს „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა.

ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მე-19 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. ჯეფერსონ ჯერალდომ და გიორგი თევზაძემ შეტევა სწრაფი და ეფექტური გადაცემებით განავითარეს, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი პირველად დემურ ჩიხლაძე შესწვდა და ზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმი „სამგურალის“ გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. 52-ე წუთზე, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მათე ვაწაძემ უნაკლოდ გამოიყენა – საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერთან, ჯოვინო ფლამარიონთან (5 გოლი) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა. ეროვნულ ლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ 9 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე დაწინაურდა, „გაგრამ“ კი 8 ქულით ასევე წინ წაიწია და მე-8 პოზიციაზეა.