„სამგურალის“ ვექტორი ელიგაში დამკვიდრება და ახალგაზრდების დაწინაურებაა - წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
„სამგურალის“ ვექტორი ელიგაში დამკვიდრება და ახალგაზრდების დაწინაურებაა - წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამგურალი“ პირველ ორ საშინაო მატჩს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის არენაზე გამართავს. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ განმარტა, საწყის ტურებში ნეიტრალურ მოედანზე თამაშის მიზეზი.

„ზესტაფონში მხოლოდ საწყის ორ საშინაო მატჩს გავმართავთ, შემდეგ კი 26 მაისის სახელობის არენაზე დავბრუნდებით. წყალტუბოში სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. კლუბის პრეზიდენტის მიხეილ იაშვილის დაფინანსებით, ჩემპიონატის დაწყებამდე, მოედნის საფარი მოწესრიგდება და გასახდელები გაკეთდება. პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დაიწყება სტადიონის სრული შემოღობვა, ტრიბუნების მოწესრიგება და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. აღნიშნულ სამუშაოებს ცოტა მეტი დრო სჭირდება და დაახლოებით ზაფხულამდე გაგრძელდება, თუმცა, ეს ხელს არ შეგვიშლის, რომ საკუთარ მოედანზე ვითამაშოთ, მოედნის მოწესრიგების შემდეგ 26 მაისის სახელობის სტადიონზე დავბრუნდებით“, – ამბობს თედო ფესტვენიძე.

მან ახალი სეზონისთვის გუნდის მზადების გეგმები დაასახელა:

„ჩემპიონატისთვის მზადება 8 იანვარს წყალტუბოში დავიწყეთ. ვითამაშეთ ამხანაგური შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“. 1 თებერვლიდან მზადებას ანტალიაში განვაგრძობთ. გუნდი ლარაში სასტუმრო „გრინ ჰოთელ პალასში“ დაბინავდება და იქ 17 თებერვლამდე დარჩება. ანტალიაში „სამგურალი“ ექვს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მეტოქეების უმეტესობა ცნობილია. 5 თებერვალს ბულგარულ კლუბს კირჯალისარდას“ დავუპირისპირდებით, 13 თებერვალს ორი მატჩი გვაქვს დაგეგმილი მოსკოვის „ტორპედოსთან“ და უკრაინის პირველი ლიგის ლიდერ „აგრო ბიზნესთან“. ასევე იგეგმება მატჩები მოსკოვის „სპარტაკის“ 21 წლამდე გუნდთან და უკრაინული პრემიერლიგის „ოლექსანდრიასთან“. კიდევ ერთი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ბუნებრივსაფარიანი საფეხბურთო მოედანი იჯარით ავიღეთ და გუნდი იქ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება“.

წყალტუბოს „სამგურალმა“ 2019 წლიდან დიდი ნახტომი გააკეთა – ლიგა 3-იდან ეროვნული ლიგაში დაწინაურდა, სადაც 19-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „სამგურალის“ ბოლოდროინდელი წარმატებები ერთმნიშვნელოვნად გუნდში ინვესტორის მოსვლას უკავშირდება:

„შედეგამდე ჩვენი პრეზიდენტის, მიხეილ იაშვილის განხორციელებულმა ინვესტიციამ მიგვიყვანა. „სამგურალი“ უმაღლეს ლიგაში 2001-2002 წლების სეზონში ასპარეზობდა. რამდენიმე წელიწადი გუნდი საერთოდ არ არსებობდა, ძალიან დიდი წყვეტა იყო. მაშინ უმაღლეს ლიგაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. ბედნიერი ვარ, რომ „სამგურალის“ გულშემატკივრები გავახარეთ, მათი ოცნება რეალობად ვაქციეთ და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვეთ. გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა შეიტანეს. მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს ხელშეკრულება ორი წლით გავუხანგრძლივეთ. იმედი გვაქვს, რომ ის „სამგურალში“ წარმატებულ მუშაობას განაგრძობს. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის სპორტულ დირექტორ ბესიკ ხაჭიპერაძეს, ასევე კლუბის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის, „სამგურალის“ წარმატებაში ყველა მათგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, – აცხადებს თედო ფესტვენიძე.

სამგურალში“ ბევრი ცვლილებაა. ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეს და ახალწვეულებიც ჰყავთ – გიორგი მჭედლიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, გიორგი ბუხაიძე, დავით კირკიტაძე, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ალექსანდრე ვერულიძე, ნიგერიელი ლეგიონერი ლუქმან გილმორი. „სამგურალის“ სამედიცინო შტაბს გამოცდილი სპორტული ექიმი დიმა ზაალიშვილი უხელმძღვანელებს, ფიზიოთერაპევტად იმუშავებს გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ხვადაგიანი. ფესტვენიძემ ეროვნულ ლიგაში „სამგურალის“ მიზანი დაასახელა:

„ძალიან დიდი წყვეტა იყო და ფაქტობრივად, „სამგურალი“ ლიგის დებიუტანტია. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად განვვითარდეთ, ეროვნულ ლიგაში ადგილი მყარად დავიმკვიდროთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ვფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება, ყველა მატჩზე წარმატების მისაღწევად გავალთ, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს“.

ფესტვენიძემსამგურალის“ ხელმღვანელობის ერთ-ერთ მთავარ მიზანზე, საფეხბურთო სკოლის განვითარებაზეც ილაპარაკა:

„ჩვენი ახალგაზრდული გუნდი „სამგურალი 2“ რეგიონულ ლიგაში თამაშობს და მიზნად მე-4 ლიგაში დაწინაურებას ისახავს. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი „ა“ ლიცენზიის მფლობელი ვლადიმერ ვაშაძეა. უახლოეს მომავალში იგეგმება საფეხბურთო სკოლის განვითარება. ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა მეორე სტადიონი, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები. ახალგაზრდების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, გასულ წელს, „სამგურალიდან“ ახალგაზრდულ ნაკრებში სამი ფეხბურთელი, სერგო კუხიანიძე, ლუკა ასათიანი და შალვა ბურჯანაძე მოხვდა, რაც კლუბის სწორი მუშაობის შედეგია. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ნიჭიერი ფეხბურთელებით სამომავლოდაც მოვამარაგოთ“.