„სამგურალის“ პრეზიდენტი - მაისამდე ჩემპიონატის მატჩებს ზესტაფონში გავმართავთ #1TVSPORT
„სამგურალის“ პრეზიდენტი - მაისამდე ჩემპიონატის მატჩებს ზესტაფონში გავმართავთ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

 

სამწვრთნელო შტაბი

შეკრებზე „სამგურალის“ სამ შეხვედრას დავესწარი. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ, გუნდი პროგრესის გზაზეა და თავის თამაშს პოულობს. ანგარიშგასაწევ ძალად ვყალიბდებით. ბოლო საკონტროლო მატჩი ამის თქმის საფუძველს მაძლევს. საკმაოდ ძლიერ ხარკოვის „მეტალისტთან“ კარგად გამოვიყურებოდით. დასაწყისში შეცდომა დავუშვით და გოლი მივიღეთ, მაგრამ საერთო ჯამში თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით. სამწვრთნელო შტაბითა და ფეხბურთელებით, მათი საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მათი შრომა კარგ შედეგს მოიტანს“.

 

გუნდის დაკომპლექტება

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ნიკიტა სიმდიანკინის ტრანსფერთან დაკავშირებით. ნიკიტა თურქულ შეკრებაზე შემოგვიერთდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მწვრთნელები კმაყოფილი არიან მისი თამაშით. თუ აღნიშნული ტრანსფერი განვახორციელეთ, ვფიქრობ, სიმდიანკინის სახით „სამგურალი“ კარგ ფეხბურთელს შეიძენს. სხვა მხრივ, ამ ეტაპისთვის დაკომპლექტებულები ვართ“.

 

წყალტუბოს სტადიონის საფარი

„სტადიონზე საფარის გამოცვლა იწყება. სად ივარჯიშებს და ითამაშებს „სამგურალი“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე? პირობები საქართველოში მასშტაბური პრობლემაა, განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ დასავლეთ საქართველოშია.

დაბრუნების შემდეგ გუნდი 1 მარტამდე წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშებს, შემდეგ კი გარკვეული ხნის მანძილზე, სანამ მოედანი მოწესრიგდება, ზესტაფონში გადავალთ და ჩემპიონატის მატჩებსაც იქ ჩავატარებთ.

კარგია, რომ პირველ ეტაპზე სტადიონზე ინდივიდუალური სკამებისა და სტადიონის შემოღობვის პრობლემა მოგვარდა. ეს სფფ–ს აუცილებელი პირობა იყო. ახლა მოედნის საფარიც გამოიცვლება და გუნდი მაისში საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. შემდეგი ეტაპი იქნება განათების გაკეთება და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება“.

 

ბილეთების რეალიზაცია

„საკუთარ არენაზე დაბრუნების შემდეგ ვგეგმავთ ბილეთების რეალიზაციას, ეს კლუბიsთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები მთლიანად სტადიონის მოვლასა და წყალტუბოში ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. ასევე მიმდინარე წლის მაისიდან ვგეგმავთ სტადიონის ტერიტორიაზე ფან-შოპის გახსნას. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები გვერდით დაგვიდგებიან და წარმატებებს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“.