საქართველოს თასის ფინალისტი და გასული სეზონის აღმოჩენა წყალტუბოს „სამგურალი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა – პაპუნა ფონიავას გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. ამის შესახებ 27 წლის ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„წყალტუბოს „სამგურალთან“ კონტრაქტი დამიმთავრდა და 100%-ით გადაწყვეტილია, რომ გუნდს ვტოვებ. დარჩენაზე ახალი შეთავაზება არ ყოფილა“, – განაცხადა სპაპუნა ფონიავამ.
წყალტუბოს „სამგურალის“ აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ არ დამალა, რომ შემოთავაზებები აქვს:
„რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკება მაქვს. ჯერ არ გადაწყვეტილა, სად ვითამაშებ, რადგან გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. კონკრეტული წინადადებებიც არის და უახლოეს პერიოდში მეცოდინება, კონტრაქტს რომელ გუნდთან გავაფორმებ“.
პაპუნა ფონიავა მარტვილის „მერანის“ აღზრდილია. 27 წლის ნახევარმცველი „მერანის“ შემდეგ თამაშობდა ბათუმის „დინამოში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ხოლო წყალტუბოს „სამგურალში“ 2020 წელს გადავიდა და დიდი როლი ითამაშა გუნდის ეროვნულ ლიგაში დაწინაურებასა და საქართველოს თასის ფინალამდე წყალტუბოელების გასვლაში.