„სამგურალის“ მწვრთნელმა „დინამოსთან“ მოპოვებული ქულა შეაფასა - ამით კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ
„სამგურალის“ მწვრთნელმა „დინამოსთან“ მოპოვებული ქულა შეაფასა - ამით კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ

ეროვნული ლიგის პირველ ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის ,„დინამოსთან“ სტუმრად ფრე (1:10 ითამაშა. რაც მთავარია, უჩა სოსიაშვილის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ჩემპიონთან ქულა მნიშვნელოვანია:

„ბუნებრივია, რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდით, თბილისის „დინამო“ ზედიზედ ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული და ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდია, კარგი მწვრთნელი და კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, „დინამო არენაზე“ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია, მით უმეტეს მეორე ლიგიდან დაწინაურებული გუნდისთვის, რომელიც საუკეთესოთა შორის 19-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა. თუმცა, როცა გუნდის ჩამოყალიბებისას ფეხბურთელებს იმ აზრს ვუნერგავდით, რომ ბრძოლა ყველასთან შესაძლებელია, რომ ბოლომდე დახარჯვა და სწორი მიმართულებით მუშაობა შედეგს აუცილებლად მოიტანს“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.

წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა ასევე თქვა, რომ ჩემპიონთან ქულამ გუნდი არ უნდა დააკმაყოფილოს: „ორი განსხვავებული ტაიმი იყო: პირველი ნახევარი ორმხრივ შეტევებში და ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, სანახაობრივი მხარეც უკეთესი იყო, შეტევებში სწრაფად გადავდიოდით, ლამაზი გოლიც გავიტანეთ. შესვენების შემდეგ უფრო გოლის არგაშვებაზე ვფიქრობდით, ბურთს მეტოქე აკონტროლებდა და ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა. ბოლოს, გოლის გატანის ორი კარგი შესაძლებლობა მოგვეცა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ.

მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. მადლობა ფეხბურთელებს ბრძოლისთვის და კარგი თამაშისთვის, თუმცა, „დინამოსთან“ მოპოვებული ქულით კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ – ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, უფრო უნდა გავიზარდოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ, წინ არაერთი რთული მატჩი გველის და ყველა შეხვედრას სრული მობილიზებით უნდა შევხდვეთ“.