„სამგურალის“ მწვრთნელი - რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქეთში ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარული „მონტანა“ 4:2 დაამარცხა და ამით პირველი შეკრება დაასრულა. წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ თამაში და შეკრების პირველი ეტაპი შეაფასა.
„თურქეთში პირველი შეკრება „მონტანასთან“ მატჩით დავასრულეთ. საინტერესო თამაში გამოვიდა, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ბოლომდე დაიხარჯნენ. კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა ჩვენს თამაშში ძალიან ბევრი ხარვეზი გამოჩნდა, რაც მზადების ამ ეტაპზე მოულოდნელი არ არის. აქ იმიტომ ვართ, რომ შეცდომები გამოვავლინოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.
ახლა ორი დღე დავისვენებთ და 31 იანვრიდან მეორე თურქული შეკრებისთვის დავიწყებთ მზადებას. გვექნება 5 ამხანაგური მატჩი, სადაც ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სათამაშო სტილსა და ხელწერას. რამდენიმე პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება, ვცდილობთ, ფეხბურთელები დავიმატოთ და გუნდში კონკურენცია გავზარდოთ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.