„სამგურალის“ მწვრთნელი - რამდენიმე მოთამაშეს ვირუსი ჰქონდა და „დინამოსთან“ მათი არყოფნა გუნდს დაეტყო #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ „დინამო თბილისთან“ წაგებული (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდს ვირუსის შედეგად გამოკლებული რამდენიმე მოთამაშის არყოფნა დაეტყო.
„შედეგიდან გამომდინარე რა უნდა ვთქვა. არ მიყვარს მსაჯობაზე საუბარი და არც ვისაუბრებ. პირველმა გოლმა გაგვტეხა. გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და „დინამომ“ დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ ამ წარმატებას.
ჩემს მოთამაშეებს მადლობა მინდა ამ შრომისთვის გადავუხადო. წავაგეთ, მაგრამ ხდება ასე, ფეხბურთია და რას ვიზამთ. ახლა მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის.
ფეხბურთში ყოველთვის არის შანსი, რომ მოვუმატოთ. ახლა ჩვენს რამდენიმე მოთამაშეს ვირუსი ჰქონდა და მათი არყოფნა გუნდს დაეტყო კიდეც, მაგრამ შემდეგი თამაშისთვის ყველა მწყობრში იქნება“, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.