„სამგურალის“ მწვრთნელი - ნახევარფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ #1TVSPORT
„სამგურალის“ მწვრთნელი - ნახევარფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლექსანდრ პოკლონსკიმ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლაზე ისაუბრა. უკრაინელი სპეციალისტის თქმით, „დინამო თბილისთან“ გამარჯვებისთვის გუნდმა ყველაფერი გააკეთა.

„მეოთხედფინალში „დინამო თბილისთან“ ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ფეხბურთელების განწყობას ვცდილობდი. მიხარია, რომ გუნდმა მოთმინება გამოავლინა, ვიბრძოლეთ და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. მადლობა ფეხბურთელებს, რომ ერთსულოვნება გამოავლინეს.

პენალტების სერიაზე თამაშამდე ვისაუბრეთ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი – პენალტებისთვის წინასწარ მზადებას, ფაქტობრივად, შედეგი არასოდეს მოაქვს. ამიტომ ამ მხრივ წინასწარ არ გვივარჯიშია. დამატებითი დროის ბოლო წუთზე მეკარე შევცვალეთ და მოედანზე ნოდარ ყალიჩავა შევუშვით, რადგან ვიცი, რომ თერთმეტმეტრიანი საჯარიმოების მოგერიებაში ძლიერია.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში სამეულში მოხვედრის შანსს – ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი და, რა თქმა უნდა, შანსი გვაქვს. ყველა დარჩენილი მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება და ევროსაგზურის მოპოვება თუ გვინდა, უნდა მოვიგოთ. წინ რთული თამაშები გველის. თასის შეხვედრამ დიდი ენერგია წაგვართვა, ამიტომ ძალები სწრაფად უნდა აღვიდგინოთ“, – განაცხადა წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში „სამგურალმა“ „დინამო თბილისი“ პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა და 7 ნოემბერს ნახევარფინალში თბილისში, „დავით პეტრიაშილი არენაზე“ „საბურთალოს“ შეხვდება.