„სამგურალის“ მწვრთნელი - ახალ სეზონში ყველა იბრძოლებს, მოდუნება არავისთან შეიძლება #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ კომენტარი გააკეთა „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის პირველი ტურის დრამატული შეხვედრის შემდეგ, რომელიც წყალტუბოელებმა გასვლაზე 4:3 მოიგეს.
ჭელიძის გაწვრთნილები პირველ ტაიმში 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ კი „გაგრა“ 3:2 დაწინაურდა, მაგრამ მატჩის მიწურულს „სამგურალმა“ ორი ბურთის გატანა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვა მოახერხა.
„ყველას ვულოცავ ჩემპიონატის დაწყებას, „სამგურალის“ გულშემატკივარს და კლუბს კი – პირველ შეხვედრაში გამარჯვებას. „გაგრასთან“ მატჩი იმის მაჩვენებელია, რომ ახალ სეზონში ყველა გუნდი იბრძოლებს, მოდუნება კი არავისთან არ შეიძლება.
ჩვენ ამ შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან კარგ, ორგანიზებულ და სწრაფ გუნდს. ეს გამარჯვება ამიტომ ძალიან მახარებს, „გაგრას“ კი წარმატება მინდა ვუსურვო.
პირველ ტაიმში 2:0-ის ვიგებდით. ნაადრევად ხომ არ ჩავთვალეთ, რომ საქმე დამთავრებული იყო? ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, რომ ბიჭებმა საკუთარ თავში მონახეს ძალები, ჟინი, ხასიათი და გუნდურობა აჩვენეს და ამ ყველაფრის შედეგად მოვიგეთ“, – აცხადებს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი.