„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი პრო-ლიცენზიის მფლობელი გახდა
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი პრო-ლიცენზიის მფლობელი გახდა

სამგურალი“ 30 იანვრის ჩათვლით წყალტუბოში ივარჯიშებს, ხოლო 1 თებერვლიდან ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი ანტალიაში განაგრძობს ჩემპიონატისთვის მზადებას, სადაც 17 თებერვლამდე დარჩება და ექვს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი მწვრთნელთა განათლების უმაღლესი ხარისხის, PRO ლიცენზიის მფლობელი გახდა.

მას შესაბამისი სამწვრთნელო პროცესის დასრულების შემდეგ, მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ სერთიფიკატი გადასცა. PRO ლიცენზიისთვის სწავლება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 12 მოდულისგან შედგებოდა – ეს ეტაპები გულისხმობდა პრაქტიკულ კურსებს თურქეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და კვიპროსში. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

უჩა სოსიაშვილი „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად 2019 წლიდან მუშაობს. მან ლიგა 3-დან გუნდი ჯერ ეროვნულ ლიგა 2-ში დააწინაურა, გასულ სეზონში კი „სამგურალს“ ეროვნული ლიგის საგზური მოაპოვებინა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოურმა კლუბმა თასის ფინალში ითამაშა.

უჩა სოსიაშვილი არის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2015 წელს (იმ დროს 25 წლის იყო) მისმა გაწვრთნილმა გორის „დილამ“ საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მიიღო.