„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - ეს ის შედეგი არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე–3 ტურში „თელავისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა. მართალია, კლუბი სამი ტურის შემდეგ მე-8 ადგილზეა, მაგრამ გუნდს ჯერ თამაში არ წაუგია.
„სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა განვლილ ტურში გუნდის თამაში შეაფასა.
„დაძაბული მატჩი იყო, „თელავი“ კარგი გუნდია, პირველი თამაში მოიგო („სამტრედიასთან“ 1:0), მეორე შეხვედრაში „ლოკომოტივს“ საკმაოდ კარგად ეთამაშა და ორი გოლი გაუტანა. შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და აქედან გამომდინარე ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა. ორივეს მოგება გვინდოდა, საგოლე მომენტებიც მრავლად შეიქმნა. „თელავს“ გაცილებით რეალური მომენტები ჰქონდა და რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.
„სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდის მიზანია, თამაშის ხარისხი გაუმჯობესდეს: „თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გასვლაზე ვთამაშობდით, შედეგი მაინც მისაღებია. თუმცა, ეს ის არაა, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენი მიზანია, მოვუმატოთ და თამაში გავაუმჯობესოთ. სხვა მხრივ, ამ შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით“.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს მთავარი საფეხბურთო ლიგიდან 2001 წელს გავარდა და ეროვნულ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.