„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - „დილასთან“ მატჩი ჩვენთვის სეზონის არაოფიციალური ფინალია #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - „დილასთან“ მატჩი ჩვენთვის სეზონის არაოფიციალური ფინალია #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. 3 დეკემბერს გუნდი გორში, ფინალის ტოლფას შეხვედრაში „დილას“ დაუპირისპირდება და კონფერენს ლიგის საგზურის მფლობელი გაირკვევა.

ძალიან რთული კალენდრის მიუხედავად, ბევრისათვის მოულოდნელად, „სამგურალმა“ ბოლო ტურებში ჩემპიონობისთვის მებრძოლ ბათუმისა და თბილისის „დინამოებთან“ ოთხი ქულა მოიპოვა, მესამე ადგილი შეინარჩუნა და ბოლო ტურში გორში ერთქულიანი უპირატესობით ჩადის.

ტრავმებისა და ავადმყოფობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ დემურ ჩიხლაძე, მიხეილ ბაშელეიშვილი და საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი რუხაძე. „სამგურალი“ „დილასთან“ მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

„გორის „დილასთან“ მატჩი ჩვენთვის სეზონის არაოფიციალური ფინალია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ იმ პოზიციაზე ვყოფილიყავით, სადაც ახლა ვართ. „დილასთან“ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი თანადგომა გვაძლიერებს. ვიცი, რომ გორში ბევრი აპირებს წამოსვლას, მათი ძალიან მადლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“, – ამბობს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე.