წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგური შეხვედრა მოსკოვის „სპარტაკის“ დუბლშემადგენლობასთან გამართა და 1:2 დამარცხდა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და მოსკოველების წინააღმდეგ შერეული შემადგენლობა ათამაშა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში ბევრი საგოლე ეპიზოდი არ ყოფილა. პირველი რეალური საგოლე მომენტი წყალტუბოელებმა შექმნეს, ალექსანდრე ვერულიძის დარტყმის შემდეგ რუსები გოლისგან ძელმა იხსნა, დამატებაზე გიორგი ბუხაიძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. 40-ე წუთზე კვლავ ვერულიძემ შეუტია, მაგრამ არაზუსტად.
მეორე ნახევარი მოსკოველებმა აქტიურად დაიწყეს და ორი სახიფათო მომენტის შემდეგ ანგარიში გახსნეს – 54-ე წუთზე, „სპარტაკი“ არტიომ ვოროპაევმა დააწინაურა. 62-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დათო კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, „სპარტაკი“ ორ წუთში კვლავ წინ გავიდა – გოლი სტეფან ოგანესიანმა გაიტანა. 74-ე წუთზე „სამგურალის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ დარტყმა მოიგერია.
„სამგურალი“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, კარგი მომენტი ჰქონდა დემურ ჩიხლაძეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. საბოლოოდ, შეხვედრა „სპარტაკის“ დუბლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
თურქულ შეკრებაზე ნაჩვენები კარგი შედეგების ფონზე დუბლშემადგენლობასთან წაგება მოულოდნელი იყო. „სამგურალში“ მარცხს ასე ხსნიან – „ბოლო სამ დღეში გუნდმა სამი საკონტროლო მატჩი გამართა, თანაც საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, გუნდს დღევანდელ შეხვედრაში დიდი დატვირთვებისა და დაღლილობის კვალი აშკარად ეტყობოდა“.
სპარტაკი (მოსკოვი) – სამგურალი (წყალტუბო) 2:1
გოლები: 1:0 ვარაბაევი (54), 1:1 კირკიტაძე (62), 2:1 სტეფანოვი (64)
ქვილითაია, ბურჯანაძე, ქურდაძე (29. პატარკაციშვილი (58. ასათიანი)), ახვლედიანი, თევზაძე (68. კალანდარიშვილი), კიკაბიძე (78. ტურე), ჩიხლაძე, ბანძელაძე, ვერულიძე (76. მჭედლიშვილი), დოლიძე (59. კირკიტაძე (75. ლექვთაძე), ბუხაიძე (79. შვანგირაძე)
მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი.