„სამგურალის“ იტალიელი მწვრთნელი - საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მათთან მუშაობა საინტერესოა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, როდოლფო ვანოლიმ კომენტარი გააკეთა და გუნდსა და ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, აქ ძალიან კარგი ადამიანები დაგვხვდნენ, გუნდში მეგობრული გარემოა. არაერთი თამაშის ვიდეოჩანაწერი ვნახე და საქართველოს ჩემპიონატზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა.
ევროპაში ბევრი ქართველი ტალანტი თამაშობს, მათ ქართულ ფეხბურთს მსოფლიოში სახელი გაუთქვეს. საქართველოს ჩემპიონატშიც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და მათთან მუშაობა საინტერესოა.
გვჯერა, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები არანაკლებ ძლიერები და პროფესიონალები არიან, ძლიერი მენტალიტეტი აქვთ და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. „სამგურალს“ ამჟამად კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი მუშაობა შედეგის მომტანი იყოს და ეს მდგომარეობა შეიცვალოს.
გუნდი ცდილობს, დონე და პროფესიონალიზმი კიდევ უფრო აიმაღლოს. საქართველოში სწორედ იმისთვის ჩამოვედი, რომ „სამგურალს“ დავეხმარო და სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დავწინაურდეთ, რადგან შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია“.