„სამგურალის“ ახალი მწვრთნელი ოლექსანრდ პაკლონსკი - ოპერაციების შემდეგ სპორტში დასარჩენად იოგათი დავინტერესდი, ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ #1TVSPORT
„სამგურალის“ ახალი მწვრთნელი ოლექსანრდ პაკლონსკი წყალტუბოშია და უკვე შეუდგა საქმიანობას, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
უკრაინელი სპეციალისტი გუნდს ეროვნულ ლიგაში ქობულეთის „შუქურასთან” დაგეგმილი 29-ე ტურის მატჩისთვის ამზადებს. ახალი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს გაეცნო და შემდეგ ავარჯიშა. „სამგურალისა“ და „შუქურას“ მატჩი 8 ოქტომბერს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.
48 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს „დნიპრო 2“-ში დაიწყო. 2017-2019 წლებში „დნიპროს“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს უკვე ,,დნიპრო 1-ის“ დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, 2020-2021 წლებში – ,,ნიკოპოლს“, ხოლო ბოლოს – ასევე უკრაინულ VPK-Agro-ს.
ოლექსანდრ (საშა) პაკლონსკი საკუთარ საქმიანობაზე ინფორმაციას ინსტაგრამის გვერდზე ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ურთულესი პერიოდი გადაიტანა.
„სპორტში 6 წლიდან ვარ, 16 წლიდან კი უკვე – პროფესიულ ფეხბურთში. 28 წლის ასაკში საზარდულის ტრავმის დიაგნოზი დამისვეს და ორი ოპერაცია გავიკეთე. ყველა ექიმმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის დასასრული იყო.
არ დავნებდი, დავიწყე ექიმების ძებნა, რომლებიც მზად იყვნენ დამხმარებოდნენ. გამიმართლა, რომ გერმანელ სპეციალისტს, ვოლფარტ მიულერს შევხვდი. მისი დახმარებით დავუბრუნდი ფეხბურთს და კარიერა 34 წლამდე გავაგრძელე. საბოლოოდ, პრობლემა შემექმნა და ფეხბურთში 37 წლის ასაკში მწვრთნელის რანგში დავბრუნდი.
ტრავმა ისე მაწუხებდა, კოჭლობით და საშინელი ტკივილით დავდიოდი, ოპერაცია გარდაუვალი იყო. 2019 წლის მაისში ოპერაცია გავიკეთე, თუმცა ვერ გამოვჯანმრთელდი და ვკოჭლობდი. ამასობაში, მარცხენა სახსარიც ამტკივდა და 2019 წლის ოქტომბერში მეორე ოპერაცია გადავიტანე. მინდოდა, სრულფასოვნად მეცხოვრა, სპორტში დავრჩენილიყავი, მევარჯიშა და იოგათი დავინტერესდი. შემდეგ დავიწყე სირბილი, თვითგანვითარება და ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე.
დღეს თავს მშვენივრად ვგრძნობ, სიცოცხლის ხალისი დავიბრუნე. ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვინც ჩემსავით რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. არასოდეს დანებდე, არ დაკარგო იმედი, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ყველა პრობლემის გასაღები ჩვენს თავშია. გადავწყვიტე, მხარი დავუჭირო მათ, ვინც ცდილობს, იყოს უკეთესი, დაკავდეს სპორტით. მსურდა, გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და ცოდნა მათთვის, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება ან ვისაც უნდა სწავლა და არ იცის, როგორ დაიწყოს“, – წერდა ოლექსანდრ პაკლონსკი.