„სამგურალი“ წყალტუბოში დაბრუნდა - გუნდი ანტალიაში 8 თებერვალს გაემგზავრება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ წინასასეზონო სამზადისი განაახლა. ფეხბურთელები მოედანს ორდღიანი დასვენების შემდეგ დაუბრუნდნენ.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „სამგურალი“ თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ წყალტუბოში დაბრუნდა და პირველად ივარჯიშა ახალ საფეხბურთო მოედანზე, რომელიც ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს.
ეს საფეხბურთო ცენტრი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის აშენდა და იქ ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები ემზადებოდა. ამავე მოედანზე ჩატარდა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე მატჩი.
ცნობილი გახდა გუნდის მოსამზადებელი გეგმები – მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილები 5 თებერვლის ჩათვლით წყალტუბოში მოემზადებიან. 6 თებერვალს „სამგურალი“ თბილისში „ლოკომოტივთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 8 თებერვალს კი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 21 თებერვლამდე დარჩება და სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.