„სამგურალი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა - წყალტუბოელებმა „ტორპედოს“ მცველი დაიმატეს #1TVSPORT
„სამგურალი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა - წყალტუბოელებმა „ტორპედოს“ მცველი დაიმატეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდს გიორგი ფანცულაია, გეგი გეგუჩაძე და ბექა დარცმელია დაემშვიდობნენ. თუმცა წყალტობოელებს ახალწვეულიც ჰყავთ – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოდან“ 23 წლის ცენტრალური მცველი, მათე აბულაძე დაიმატა. მათემ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და „სამგურალში“ 2026 წლის ბოლომდე ითამაშებს.

აბულაძე 2019 წლიდან „ტორპედოში“ ასპარეზობდა. 2022 წელს ქუთაისური გუნდის რიგებში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

გასულ სეზონში ფეხბურთელი „სამტრედიის“ ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. სამტრედიელთა რიგებში გამართულ 32 შეხვედრაში მან ოთხი გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

მიმდინარე ჩემპიონატი ახალგაზრდა უკანახაზელმა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო და შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აბულაძეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.