„სამგურალი“ ბათუმის „დინამოს“ გაუთანაბრდა - თბილისელებმა შანსით ვერ ისარგებლეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ბოლო ორმა შეხვედრამ გათამაშების ლიდერთა ჯგუფში სერიოზული ცვლილებები შეიტანა.
„თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა. „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ გადაწყვიტა. მან კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა, „სამგურალს“ გამარჯვება მოუტანა და სატურნირო ცხრილში დააწინაურა.
ტური გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა, რომლის შედეგიც მოულოდნელი აღმოჩნდა. „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, მხოლოდ ქულა მოიპოვა (0:0), ბათუმის „დინამოს წაგებით ვერ ისარგებლა და გალიდერების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.
12 ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერი ისევ ბათუმის „დინამოა“ (25), რომელსაც არა „დინამო თბილისი“ (24), არამედ წყალტუბოს „სამგურალი“ (25) დაეწია, თბილისელები კი მესამე პოზიციაზე დაქვეითდნენ.