„სამგურალი“ აშვეთიამ დატოვა - გუნდს დროებით ტექნიკური დირექტორი და მწვრთნელ-ანალიტიკოსი ამზადებენ #1TVSPORT
მიხეილ აშვეთიამ „სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს გუნდი აშვეთიასთან ერთად მისმა ასისტენტმა, ვასილ გიგიაძემაც დატოვა. მიხეილ აშვეთია „სამგურალში” 2021 წლიდან მუშაობდა. იყო მწვრთნელის ასისტენტი, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი. „სამგურალის“ პრესსამსახურის ცნობით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„სამგურალი” ჩემპიონატის განახლებისთვის 26 მაისის სახელობის სტადიონზე ემზადება და არა წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში, სადაც მინდვრის საფარის გაჯანსაღებისა და ხანგრძლივი შენარჩუნების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გუნდი 26 მაისის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს და 27 ოქტომბერს ბათუმის „დინამოსთან“ და 9 ნოემბერს „გაგრასთან“ საშინაო შეხვედრებს წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩაატარებს.
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს ტექნიკური დირექტორი ბესიკ ხაჭიპერაძე და მწვრთნელ-ანალიტიკოსი გიორგი ნერგაძე ამზადებენ.