სამეგრელოში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამეგრელოს პოლიციამ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი – 1959 წელს დაბადებული გ.ლ. და 1981 წელს დაბადებული გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – აცხადებენ შსს-ში.
პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავა.
„დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი ცალი პისტოლეტი, ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, – აცხადებენ შსს-ში.