ახმეტის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონს გერმანიის სამარიტელთა კავშირის პროექტების კოორდინატორი სტინა შტაინგრებერი და საქართველოს სამარიტელთა კავშირის დირექტორი ირინა კლდიაშვილი ესტუმრნენ.
ისინი ზემო ალვანის გოგონათა იმ საფეხბურთო გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ, რომელიც ძმები არველაძეების ფონდის პროექტის, “საფეხბურთო თერაპიის” ფარგლებში სამარიტელთა კავშირის დაფინანსებით დაარსდა.
ირინა კლდიაშვილმა და სტინა შტაინგრებერმა, გოგონებთან ერთად, მათ ყოველდღიურობაში არსებული პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრეს. მოგვიანებით გოგონებმა ფეხბურთი ითამაშეს და სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღნიშნულ რეგიონში ზემო ალვანის გოგონათა გუნდის გარდა და სამარიტელთა კავშირის დაფინანსებით საფეხბურთო სკოლები პანკისის ხეობის სოფლებშიც დაფუძნდა.