სამარცხვინოა, კვარაცხელიაზე რა ჯარიმა არ დადო - „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მსაჯი გააკრიტიკეს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „მილანთან“ 1:0 დამარცხდა. სოციალურ ქსელებში ნეაპოლიტანელთა რეაქცია იყო გაბრაზებაც, სინანულიც და მსაჯის კრიტიკაც.
შეტევაში ვიქტორ ოსიმენის არყოფნამ ლუჩანო სპალეტი აიძულა, მის ნაცვლად ელიფ ელმასი დაეყენებინა. ეს ექსპერიმენტი ტიფოზებს ყველაზე მეტად არ მოეწონათ, რადგან ბურთს ძალიან იშვითად იღებდა და ნეაპოლელი კომენტატორები აღაშფოთა.
„საწყალი ვერაფერს აკეთებს, ეს არ არის მისთვის შესაფერისი პოზიცია, სასწრაფოდ საჭირო იყო ცვლილება“, – წერს ფანი Twitter-ზე.
„მილანის“ უპირატესობა სრულიად დაუმსახურებელია, მაგრამ ჩვენ არ გვყავს თავდამსხმელი“.
„ელმასი თავიდანვე უნდა შეეცვალათ და ლოსანოთი ჩაენაცვლებინათ“.
„თქვენს ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად თამაშობთ და სამი თავდამსხმელიდან არცერთი როგორ არ გყავთ“.
„ოსიმენის არყოფნა აშკარად დიდი დანაკლისია. პირველივე ტაიმში ოთხ გოლს გაიტანდა!”
კომენტარებში შეხვედრის რუმინელი მთავარი არბიტრი იშტვან კოვაჩიც გააკრიტიკეს:
„კრუნიჩი ზელინსკის რომ შეეჯახა, მსაჯმა ყვითელი ბარათი მეორედ არ აჩვენა. ერთი სიტყვით, მივხვდით, მსაჯები რომელ მხარეს იყვნენ“.
„რა სამარცხვინო მსაჯია! კვარაცხელიაზე რა ჯარიმა არ დადო და ანგისა უცებ გააფრთხილა. სიგიჟეა“.
„ერთი და იმავე მოქმედებისთვის ყვითელ ბარათებს მხოლოდ „ნაპოლის“ აჩვენებს. მრავალი წელია, მსგავსი არაფერი მინახავს. სამარცხვინოა“.
„ნაპოლი“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მეტოქეს 18 აპრილს მიიღებს.