სამ მოწინააღმდეგესთანაც შეუჩერებელი იყო - ფრანგული და რუმინული მედია მიქაუტაძეზე წერს #1TVSPORT
სამ მოწინააღმდეგესთანაც შეუჩერებელი იყო - ფრანგული და რუმინული მედია მიქაუტაძეზე წერს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშების სერიას ფრანგული და სხვა ქვეყნის მედიაც გამოეხმაურა.

maligue2-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურის მოვლენები შეაფასა და ფეხბურთელებში საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელი გამოარჩია.

მიქაუტაძემ „ანსი“ მიწაზე დააბრუნა

„საფრანგეთის თასიდან მარსელის „ოლიმპიკის“ გამოგდებიდან სამი დღის შემდეგ „ანსი“ „მეცმა“ დაამარცხა (0:3). რეალობაში დაბრუნებაში მთავარი დამნაშავე დუბლისა და საგოლე პასის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო. ბოლო გოლის გატანისას ქართველი მარტო ეთამაშა მეტოქის დაცვას და სამ მოწინააღმდეგესთანაც შეუჩერებელი იყო“, – წერს ფრანგული პორტალი.

„მეცის“ მთავარი მწვრთნელი რუმინელი ლასლო ბოლონია და გუნდის გამოსვლას მის საშობლოში ყურადღებას აქცევენ. გამოცემამ sport.ro-მ გაიხსენა, რომ მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ფორმით პირველი გოლი რუმინეთის ნაკრების კარში გაიტანა.

ბოლონისაც ჰყავს კვარაცხელია! გიორგი მიქაუტაძე, უბრალოდ, დამანგრეველი იყო ბოლო თამაშში

„ქართველი გიორგი მიქაუტაძე ისევ ფორმაშია. „მეცმა“, რომელსაც რუმინელი სპეციალისტი ლასლო ბოლონი წვრთნის, შაბათს ლიგა 2-ის ბოლო მატჩში „ანსი“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. მიქაუტაძემ, ლიონში დაბადებულმა 22 წლის ფორვარდმა, რომელიც „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით საქართველოს ნაკრებში თამაშობს, ორი გოლი (27-ე და 83-ე წუთები) გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა (იუსეფ მაზიზი, 50). ბოლონის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლით თავი პირველად 2021 წელს პლოეშტში რუმინეთთან მოგებულ (2:1) ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა“.

26 ტურის შემდეგ „მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება „ბორდოს“. საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს ლე ჰავრი – 55 ქულით. ლიგა 1-ში მხოლოდ ორი საუკეთესო გუნდი დაწინაურდება.