სალომე ზურაბიშვილი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რალფ რეგენვანუ მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვანუატუს რესპუბლიკის ელჩი ევროკავშირსა და ბელგიაში ჯონ ლიხტი და საქართველოს ელჩი ვანუატუს რესპუბლიკასა და კანბერაში გიორგი დოლიძე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში დიალოგის გააქტიურების აუცილებლობაზე.

აღინიშნა, რომ ვანუატუს მხრიდან 2011 წელს გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ვანუატუს სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერაა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

დატოვე კომენტარი