სალომე ზურაბიშვილი - უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას ფრონტი, ამას არ უნდა ვუპასუხოთ, არ უნდა შევიდეთ პოლემიკაში
სალომე ზურაბიშვილი - უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას ფრონტი, ამას არ უნდა ვუპასუხოთ, არ უნდა შევიდეთ პოლემიკაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გამოვიჩინეთ საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის – უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმის მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება, იყოს, რასაც არ უნდა ვუპასუხოთ, არ შევიდეთ პოლემიკაში.

„საერთოდ, ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი თუ ქვეყანა ომში როცა არის, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ რაღაც უაზრო პოლემიკაში; როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა და კერძოდ, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა არის ასევე გაუგებარი ჩვენი პარტნიორებისთვის და არ ვიცი, მე მგონი, ნაწილი მოსახლეობისთვის მაინც. თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებზე; თან ვამბობთ, რომ არა ვართ და ამავე დროს, ვაკრიტიკებთ სხვებს, ვინც არიან და ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმე არის თავიანთ მოსახლეობაზე; ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს – ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, რომ უშედეგო იქნებაო, ვეუბნებით მათ; წარმოგვიდგენია, თუ ამას რა რეაქცია უნდა მოყვეს და ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს. ასევე მოყვება ამ კითხვების გაჩენის კუთხით შექმნილი თემა, მოგონილი თემა, მეორე ფრონტისა, არც ერთი ჩვენი პარტნიორი და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მე ვარ ერთადერთი, ვინც ვიყავი ამერიკაშიც, ევროპაშიც და რომელსაც გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები და ღია შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც სხვებს შეიძლება, არ ეუბნებიან – არსად, არც ერთხელ, არასოდეს, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა, თქვენ სადა ხართ, რატომ არ არის მეორე ფრონტი და რას აპირებთ; მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა – ეს არ არსებობს, არის მოგონილი, არის ტყუილი და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი, საიდანაც, მართალი არის, გაისმა ეს მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, სადაც არის, ესეც ვიცით, რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება, გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმის მოთხოვნა, რომ აბა, ვიღაცა სხვა, სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი და ამის ძახილი შეიძლება, იყოს, ამას არც უნდა ვუპასუხოთ, არც უნდა შევიდეთ პოლემიკაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მეორე ფრონტის სცენარი არ არის ჩვენთვის შესაძლებელი.

„ჩვენ ვიცით, მე თვითონ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს, რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენ მოსახლეობას იქ და ვცადოთ, რომ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც ჩვენ გვინდა შერიგებით, გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა განვავითაროთ თვით ქვეყანაში და ამ თემით შევაშინოთ მოსახლეობა, მოსახლეობა, რომელიც უყურებს ყოველდღიურად თავის ეკრანებზე, თუ რა ხდება უკრაინაში და ვუთხრათ, რომ შენი არჩევანი არის ან ეს შენც მოგივიდეს ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოსთხოვო. ეს არის ფორმა, რითაც ხელისუფლება ზოგჯერ ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაცა წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე, „გორბის“ კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, ნებისმიერ ქვეყანას, მე ამასაც ვიტყვი ევროპისა თუ ამერიკის. ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ მინდა ომი. ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ? ეს არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია. ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ, გავუგოროთ, ამ ვპასუხობ ამ კითხვაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.