სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ძალიან დიდი საშუალებები გვაქვს, ეს არის ჩვენი მომავალი
სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ძალიან დიდი საშუალებები გვაქვს, ეს არის ჩვენი მომავალი

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოდნის, მეცნიერებისა და კულტურის, როგორც ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემი როლი არის ის, რომ დავინახოთ, რაც არის დასანახი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეცნიერები უცხოეთში, რომლებიც არ არიან მოშორებული საქართველოდან. მაინც მუშაობენ აქ, ჩამოდიან. ზოგს აქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ეს არიან ის მეცნიერები, რომლებიც ამ წიაღიდან წავიდნენ, იგივე ამ განათლების სისტემიდან, რომელიც გასაკრიტიკებელი არის. მაგრამ ესეც ხშირ შემთხვევაში, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, ცოტა დავწყნარდებით, რადგან ყველგან არის განათლების სისტემის დიდი კრიზისი და ყველა ქვეყანაში იცვლება, რეფორმები არის ყოველწლიურად, რომელიც არ აკმაყოფილებს და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პატარა ზომის მიუხედავად, მაინც გვყავს ის მეცნიერები, ის ძალიან სერიოზული ექიმები, რომლებიც არიან ძალიან წარმოჩენილები და წარმატებულები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველ პაციენტებს ხშირად იმიტომ უწევთ საზღვარგარეთ წასვლა, რომ ეს ექიმები არიან საზღვარგარეთ.

„ახლა არსებობს დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც სწორედ იმ ქსელზე არის დამოკიდებული, ჩვენი უცხოეთში მყოფი ექიმების. ძალიან ბევრი ჩამოდის აქ და მეტიც ჩამოვა, ჩვენ თუ შევკრავთ იმას, რაც არის ერთ-ერთი ჩემი იმედი და ინიციატივა, რომ ჩვენ ამ საექიმო დარგში სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ, როგორც ჩამოვაყალიბეთ სხვა დარგში, რომელიც იყო ღვინის დარგი. აქ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავაბრუნოთ, აქაც დროებით, დიდი ხნით, ეს ჩვენი ექიმები. განვავითაროთ ეს ჩვენი თერმული ცენტრები, მე ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი წყალტუბოზე და უზომოდ მიხარია, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმა იწყება. აქაც დავინახოთ, რაც არის პოზიტივი. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი საშუალება, იმ წლებში ეს როგორ განვითარდება, რომ დავაბრუნოთ ის ქალები, რომლებიც წასული არიან და იქ უვლიან მოხუცებს და ავადმყოფებს. თუ აქ მივცემთ საშუალებას, რომ იყვნენ დაკავებული ამ მიმართულებით, ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანს, გიორგი გვიმრაძეს, რომლმაც სალომე ზურაბიშვილს რეგიონში თურქეთის მაგალითი შეახსენა, პრეზიდენტმა განუცხადა: „ჩვენ უკვე ვუწევთ კონკურენციას კარდიოლოგიაში, სადაც ჩამოდიან მთელი რეგიონიდან საქართველოში. ეს არ იყო ასე რამდენიმე წლის წინ და ეს ბოლო წლების მიღწევა არის. კიდევ ერთხელ, რაც მიღწევა არის, იმას არ ვუყურებთ და ვუყურებთ იმას, რაც არ არის“.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამის გამო დააარსა კერძო ფონდი.

„ხელი უნდა შევუწყოთ და ავაჩქაროთ ის, რაც არის. იგივე, მეორე მიმართულება, ონკოლოგიური ცენტრის, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსება აქ, რომ ამ კუთხით მაინც თურქეთში აღარ იყოს აუცილებელი ბავშვებისა და მათი ოჯახების წასვლა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ. მე დარწმუნებული ვარ და გეგმა უკვე არსებობს, ამერიკელები ეხმარებიან ამ ცენტრის დაარსებას. ეს ფონდი თუ მოიკრებს ძალას, დააჩქარებს ამ ცენტრის დაარსებას და ბევრი ამ კუთხით მიმართულებები უკვე არის ამოქმედებული. ჩვენ გვაქვს რეალური სამედიცინო ტურიზმის ძალიან დიდი საშუალებები, რადგან ქვეყანა არის ბალნეოთერაპიის ქვეყანა და ამ კუთხით იყო განვითარებული საბჭოთა კავშირის დროს, რომელმაც კარგად იცოდა ქვეყნების პოტენციალი და ყოველ შემთხვევაში, ანალიზი, სად იყო რესურსები. ეს არის ჩვენი მომავალი. ერთ-ერთი გვაქვს ამის ადამიანური რესურსებიც და რეალური რესურსებიც ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად არის პრეზიდენტი ჩართული განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობაში.

„სამწუხაროდ, ამის არანაირი ფონდი აღარ მაქვს. სამედიცინო ფონდი ეს არის ჩემი პირადი, როგორც პრეზიდენტის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის და არა პრეზიდენტის, არც ბიუჯეტზე და არც ადმინისტრაციაზე დამოკიდებული. ვსარგებლობ მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით, კონტაქტებით, იმისთვის, რომ აქ მოვიწვიო ის ზედმეტი სპონსორები და დაფინანსება, რაც საჭირო იქნება ყველანაირი დაცულობით და გამჭვირვალობით. მეორე მხრივ, კულტურისა და მეცნიერების კუთხით ფონდი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, როგორ შეიძლება, რომ რაღაც ამდაგვარი დავაარსოთ და ამაზე იურისტები მუშაობენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.