სალომე ზურაბიშვილი - გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ისაუბრა, რაც ყველა პროტოკოლის დარღვევაა
სალომე ზურაბიშვილი - გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ისაუბრა, რაც ყველა პროტოკოლის დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ისაუბრა, რაც ყველა პროტოკოლის დარღვევაა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება, სხვა პოსტიდან, გარე ფუნქციიდან ისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ეხება საზღვრის საკითხს და, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში.

„მინდა, ერთი კომენტარი გავაკეთო იმ კომენტარზე, რაც გიგი წერეთელმა გააკეთა და ისაუბრა, როგორც ეუთო-ს ასამბლეის თავმჯდომარემ, იმ საკითხზე, რაც ეხება ჩვენს საზღვრებს, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. არ შეიძლება, სხვა პოსტიდან, გარე ფუნქციიდან ისაუბრო იმ თემაზე, რომელიც დღეს არის, სადაც არიან ჩვენი წარმომადგენლები ჩართული. ეს არის დარღვევა ყველა პროტოკოლის, რაც არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რადიო „თავისუფლებამ“ 14 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და პარლამენტის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვს. შეხვედრები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„სხვა საკითხებთან ერთად შევეხეთ ბუნებრივია, გარეჯის თემას იმიტომ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ინტერესს იწვევს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, მთავარია საკითხი გადაწყდეს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში. გიგი წერეთლის შეფასებით, გამოსავალი პროფესიონალური, დიპლომატიური მიდგომებით უნდა მოიძებნოს.