სალომე ზურაბიშვილი - განცდა თუ არ გვექნება, რომ ვაშენებთ ქვეყანას და ამისთვის საჭიროა, რაღაც გვერდზე გადადო, შენს ქვეყანას რაღაც შესწირო, ქვეყანა არ აშენდება
სალომე ზურაბიშვილი - განცდა თუ არ გვექნება, რომ ვაშენებთ ქვეყანას და ამისთვის საჭიროა, რაღაც გვერდზე გადადო, შენს ქვეყანას რაღაც შესწირო, ქვეყანა არ აშენდება

განცდა თუ არ გვექნება, რომ ვაშენებთ ქვეყანას და ამისთვის საჭიროა, რაღაც გვერდზე გადადო, შენს ქვეყანას რაღაც შესწირო, ქვეყანა არ აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა იქნება უცხოეთში წასულებისთვის უკან დაბრუნების მოტივაცია, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანა.

„რატომ დავბრუნდი მე? ხომ არ გიფიქრიათ. დასაქმება არ მჭირდებოდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანების ნაწილი ბრუნდება, ნაწილი – არა.

„ჯერ ერთი ასე არ დგას საკითხი – დაბრუნება-არდაბრუნება. მე ამას ვამბობ ყოველთვის დიასპორებთან ურთიერთობების დროს, დღევანდელ დღეს და დღევანდელი ტექნოლოგიითა და ყველანაირი კავშირებით, რაც არსებობს, შეგიძლია იყო ქვეყანაში, ქვეყნისთვის მუშაობდე და ამ დროს, არ იყო ფიზიკურად ქვეყანაში. ან იყო ფიზიკურად დროებით, მიდიოდე-მოდიოდე. ანუ, ყველა ვარიაცია არსებობს და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ჩვენ ზოგჯერ გვჭირდება გასვლა გარეთ და დანახვა, როგორ არის დღევანდელი მსოფლიო. ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არსებობს ყველა ქვეყნებისთვის, იგივე ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვის, რომლიდანაც მიდიან ასევე სხვა ქვეყნებში, რომ მოიპოვონ რაღაც სხვა პირობები სხვა განათლება ან სხვა უფრო მეტი თავისუფლება ინიციატივებში. ეს ეხება ევროპიდან ამერიკაში წასულებს და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ცირკულარული მიგრაცია არის თემა, რომელზედაც მე ვსაუბრობდი თავის დროზე, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის ერთ-ერთი საშუალება კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაგრამ ეს უნდა იყოს ცირკულარული. ე.ი. შენ შეგიძლია, წახვიდე რამდენიმე, ორი-სამი წლით, დაბრუნდე, აქ იმუშაო ორი-სამი წელი, მერე ისევ წახვიდე. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ შენ შეიძლება ამ პირობებში მაინც და მაინც მთელი შენი ოჯახი არ წაიყვანო, არ ჩათვალო, რომ შენ მიდიხარ და მიდიხარ. გაქვს საშუალება, რომ გაეცნო იქაურ ცხოვრებას და დაინახო ის, რომ არც ისე ადვილი არის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ქართველებში დევს ის სურვილი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვვითარდებით და გვექნება საშუალება, ეს ადამიანები დავაბრუნოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქნება ეს მატერიალური პირობები ზუსტად ისეთი, როგორც უცხოეთში. კიდევ ერთხელ, რატომ დავბრუნდი მე. ჩვენ თუ არ გვექნება ის განცდა, რომ ვაშენებთ ქვეყანას და ამისთვის არის საჭირო, რაღაც გადადო გვერდზე; კი, ბატონო, მიიღო ის ამაღლება კვალიფიკაციის, მაგრამ შენ შენს ქვეყანას რაღაც უნდა გაუკეთო, რაღაც უნდა შესწირო, ამის გარეშე ქვეყანა არ შენდება.

მე მგონი, რომ ეს ღრმად დევს ქართველში და ჩვენი ქვეყანა თუ ამდენ ხანს გადარჩა და აქამდე მოვიდა, იმიტომ მოვიდა, რომ ეს დევს ძალიან ღრმად. მე კარგად ვიცნობ ძველ დიასპორას, ახალ დიასპორას, სხვადასხვა ფორმის პროფესიონალები არაპროფესიონალები და ძალიან განსაკუთრებული არის ჩვენი დიასპორა სხვებთან შედარებით ამ კუთხით. ქართველებში დევს ის სურვილი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია. ვარ ოპტიმისტი, რა ვქნა. რომ გამართლდეს ეს ოპტიმიზმი, ძალიან დიდი როლი გაქვთ ვთქვათ, იგივე თქვენ, მაუწყებლობას ამ კუთხით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.