წარმატებული გამოდგა მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრან-პრი სალომე ფაჟავასთვის. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრში ქართველი ტანმოვარჯიშე ბაფთითა და გურზებით ასპარეზობაში ფინალში გავიდა. გურზებში სალომემ საუკეთესო შედეგი აჩვენა, 19.700 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ბაფთით ვარჯიშში კი ბრინჯაოს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მესამე ადგილზე გასულმა უკრაინელმა სპორტსმენმა ვლადა ნიკოლჩენკომ 17.700 ქულა დააგროვა, ფაჟავამ კი 17.600.
კიევის გრან-პრის პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში, სენიორებსა და იუნიორებს შორის ირინა დერიგინას თასის გათამაშებაც გაიმართა. სენიორთა შორის საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ნათელა ბოლატაევა ფინალში ოთხივე საგნით გავიდა. ბაფთით ვარჯიშში მან ვერცხლი მოიგო, რგოლით ვარჯიშში – ბრინჯაო. ბურთით მეოთხე ადგილი დაიკავა, გურზებით კი მეხუთე.
იუნიორებს შორის ნუცა ჯანაშვილმა იასპარეზა. ბაფთით ვარჯიშში მან მეხუთე შედეგი აჩვენა, ბურთით ვარჯიშში მეშვიდე ადგილს დასჯერდა.