„სალერნიტანასთან“ მატჩში ბონჯორნოს, სავარაუდოდ, საზონოვი შეცვლის #1TVSPORT
„ტორინოს“ ტრავმირებულ მცველს, ალესანდრო ბონჯორნოს, „სალერნიტანასთან“ მატჩში, სავარაუდოდ, საბა საზონოვი შეცვლის. ქართველი მცველის ფოტოს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას არის გადაღებული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
fanpage.it | სერია A-ს ფეხბურთელი ტრამვაით მგზავრობს – ეს მშვენიერია
„სოციალურ ქსელში „ტორინოს“ მცველის, საბა საზონოვის ფოტო გავრცელდა, რომელიც გუნდის ბაზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდის. სერია A-ს ფეხბურთელი ტრამვაიში – ეს მშვენიერია – ფეხბურთელი, ძვირად ღირებული მანქანის ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების მცველი ტრამვაით რეგულარულად მგზავრობს.
2002 წელს დაბადებული საბა საზონოვი „ტორინომ“ მოსკოვის „დინამოდან“ 2,75 მილიონ ევროდ შეიძინა. იტალიაში სადებიუტო მატჩი სექტემბრის ბოლოს „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და ახლა უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს, რადგან ტურინელთა მცველები ალესანდრო ბონჯორნო და პერ სხუურსი ტრავმირებულები არიან. საზონოვმა სერია A-ში ექვსი მატჩი ჩაატარა, „სალერნიტანასთან“ შეხვედრას ის, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს“.
Torinogranata | ღირებულებები ოჯახში ასწავლეს
გამოცემა Torinogranata ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმასა და ქართველის შანსებზე წერს – გამოცემა საზონოვის ფოტოსაც გამოეხმაურა და ქართველის მიმართ კეთილგანწყობა გამოხატა.
„„ტორინოს“ ქომაგებმა შვებით ამოისუნთქეს – ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, მას ოპერაცია არ დასჭირდება და, სამის ნაცვლად, მხოლოდ ერთი თვე გაუცდება. ახლა გუნდისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია – „ტორინოს“ კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია, გუნდს ურთულესი მატჩები ელის და ბონჯორნოს არყოფნა დიდი დარტყმა იქნება – 24 წლის მცველი ტურინელებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ბონჯორნოს ადგილი საბა საზონოვმა უნდა დაიკავოს, რომელიც მასზე უმცროსია (22 წლის) და ჯერ მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა. გუნდში ჩარიცხვის შემდეგ ბევრი რამ ისწავლა, ბოლო ტურში საბა შეცვლაზე შევიდა და კარგად ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საზონოვი შეაქო და თქვა, რომ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა საბას ფოტო – ჩვეულებრივი ბიჭის, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. სურათი ანგრევს სტერეოტიპს, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ძვირად ღირებული მანქანებით გადაადგილდებიან. ფოტომ „ტორინოს“ გულშემატკივრები აღაფრთოვანა და ფეხბურთელის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურეს.
ბონჯორნო და საზონოვი – ფეხბურთელები მუდამ მომღიმარი სახეებით, რომლებიც ფანებს არასდროს ეუბნებიან უარს ავტოგრაფზე ან ფოტოს გადაღებაზე – ჩვეულებრივი ბავშვებივით იქცევიან და არა განებივრებული ვარსკვლავებივით.
ისინი ოჯახებში კარგად აღზარდეს, ასწავლეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ერთი იტალიელია ტურინიდან, მეორე კი ქართველი, რომელმაც პირველივე პრესკონფერენციაზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.
ეს ახალგაზრდები ფიქრობენ მომავალზე, ორივე განასახიერებს გუნდის ნამდვილ სულს, რაც „ტორინოს“ განსაკუთრებულს ხდის – ამ გუნდში ჯერ კიდევ არიან უბრალო მოთამაშეები, რომლებიც ახალ ამბებში ხშირად არ ხვდებიან და უკეთესი მომავლის იმედს აჩენენ“, – წერს torinogranata.