„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. მან ეს „კრისტალ პალასთან“ 4-3 მოგებულ შეხვედრაში გააკეთა. ეგვიპტელმა 50-ე გოლის გატანა 72-ე მატჩში მოიახერხა. პირველ ტაიმში მან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დაპირისპირების მეორე ნახევარში კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა (3-2).
50 გოლი ყველაზე სწრაფად ენდი კოულმა გაიტანა, მან ეს 65 მატჩში მოახერხა. 66 მატჩი დასჭირდა ალან შირერს, ჰოლანდიელ რუდ ვან ნისტელროის კი 69. 72 შეხვედრაში 50 გოლი სალაჰის გარდა კიდევ ერთ „ლივერპულელს“ აქვს – იგივე რეკორდი ესპანელმა ფერნანდო ტორესმა დაამყარა.