საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს - „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბითაძეზე ილაპარაკა #1TVSPORT
„ინდიანა პეისერსმა“ რეგულარული სეზონის დაწყებამდე ბოლო მატჩი, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართა. ჩვენთვის ეს შეხვედრა გამორჩეული იყო, რადგან საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა, გოგა ბითაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან 18 ქულა, 6 მოხსნა 3 დაფარება დააგროვა.
მატჩის შემდეგ კონფერენციაზე აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, გოგას თამაში იყო. ქართველ კალათბურთელზე „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა და მაილს ტერნერმა ისაუბრეს. პრესკონფერეციაზე გოგა ბითაძემაც ილაპარაკა.
რიკ კარლაილი: „გოგას თამაში მომეწონა, ის დაცვაშიც და შეტევაშიც აგრესიული იყო, ბურთს თავდაჯერებულად ისროდა, იცავდა ფარს და ხსნიდა ბურთებს. გოგა სოლიდურად გამოიყურებოდა. მას აქვს ყველანაირი მიზეზი, რომ საკუთარი თავის ირწმუნოს, ის ბევრს მუშაობს და უბრალოდ მის უნარებს უნდა დაუჯეროს, 211 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელისათვის მას უნიკალური უნარები აქვს.
ჩვენ ცენტრის პოზიციაზე 4 კარგი მოთამაშე გვყავს და ყველანი ახალგაზრდები არიან. ყველაზე დიდები, მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი, 25 წლისები არიან. როცა 25 წლის ვიყავი, NBA-ში სადებიუტო სეზონი მქონდა. აიზია 19 წლისაა, გოგა კი 22-ის, ისინი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მოთამაშეები არიან და ვიცით, რომ ყველანი მზად არიან სათამაშოდ.“
გოგა ბითაძე: „უბრალოდ ვირწმუნე ჩემი სროლის და ეს დიდებული გრძნობა იყო. სტაბილურად უნდა ვივარჯიშო და ჩემი სროლების უნდა ვირწმუნო, რაც საკმაოდ რთულია როცა ვერ თამაშობ. თუ სროლებს ვერ იყენებ, მაშინ ვარჯიში უნდა გააგრძელო და მოემზადო. რთულია, როცა არ იცი როდის უნდა შეხვიდე სათამაშოდ, მაგრამ ამ ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მიუდგე, ეს NBA-ია და როცა შანსს მიიღებ მზად უნდა იყო. მე უბრალოდ მჯერა ჩემი სროლის, ვარჯიშებისა და მწვრთნელის, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, რომ ვითამაშო. ჩემთვის ეს ყველაფერი გამოწვევაა და უბრალოდ ჩემი თავის უნდა ვირწმუნო.
მე და რიკ კარლაილს არ გვილაპარაკია, მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან თამაშის შესაძლებლობა მომცა. თითქმის მთლიანი მე-2 ტაიმი ვითამაშე, მას შეეძლო ჩემს ნაცვლად სხვა ვინმე გამოეყვანა, მაგრამ მენდო და მათამაშა, რასაც ვაფასებ.
პარკეტზე შესვლის შემდეგ, თამაშის რიტმის დაჭერა რთულია, განსაკუთრებით მაღალი მოთამაშეებისათვის, რადგან მათ გასახურებლად უფრო მეტი დრო სჭირდებათ, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ როცა სათამაშოდ შედიხარ, არ უნდა დაელოდო როდის იქნები მზად, რაც რთულია თუ მიუჩვეველი ხარ, მაგრამ სისტემასა და წუთებს უნდა მოერგო.“
მაილს ტერნერი: „გოგას თავდაჯერებულობა შეემატა. შენ შეგიძლია ივარჯიშო ბევრი, მაგრამ როცა ყველაფერი თამაშში გადაგაქვს, ამ დროს მთავარია თავდაჯერებულობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლო წინასასეზონო მატჩში მოხდა. იმედია, ეს მას რეგულარულ სეზონამდე დაეხმარება, ჩვენ ყველას გაგვიხარდა მისი ასეთი თამაში.“