საკმარისი შეტევითი პოტენციალი აქვს, რომ მეორე წრეში აირჩიონ - მამუკელაშვილი წინასადრაფტო სიებში პროგრესირებს #1TVSPORT
NBA-ის დრაფტამდე კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. ახალგაზრდა მოთამაშეები კი გუნდებში ბოლო ვარჯიშებს მართავენ. ამერიკულ მედიაში ბოლო დროს ხშირად აქვეყნებენ წინასადრაფტო განახლებულ სიებს, სადაც სანდრო მამუკელაშვილი საკმაოდ დიდ პროგრესს განიცდის და ყველა გამოცემა მას 60 კალათბურთელს შორის ასახელებს.
ცნობილი ამერიკული გამოცემის, The Athletic-ის განახლებულ სიაში, „სეტონ ჰოლის“ ქართველი ფორვარდი 49-ე პოზიციაზეა, ეს არჩევანი კი „ბრუკლინ ნეტსს“ ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა სადრაფტო ვორქაუთები დაიწყო, სანდრო მამუკელაშვილმა „ნიუ იორკ პოსტთან“ განაცხადა, რომ ნიუ იორკში მისი ოჯახიც ცხოვრობს და შესაბამისად, ამ ქალაქს სახლად მიიჩნევს.
22 წლის კალათბურთელზე ცოტა ხნის წინ Fansided-მაც დაწერა და დრაფტის მე-60 სავარაუდო არჩევანად დაასახელა. ავტორი მამუკელაშვილის შეტევით უნარებს საკმაოდ კარგად ახასიათებს, მაგრამ დაცვაში თამაშზეც ამახვილებს ყურადღებას.
„უნიკალური კალათბურთელი, რომელსაც დაცვითი უნარები NBA-ის დონეზე შეიძლება ჰქონდეს ან შეიძლება არა. სანდრო მამუკელაშვილს აქვს საკმარისი შეტევითი პოტენციალი, რომ მეორე წრეში არჩევა გაინაღდოს. „სეტონ ჰოლში“ ყოფნის პერიოდში, 211 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.5 პასს აგროვებდა, ამასთან ერთად, ის პერიმეტრიდან 33.6 პროცენტის სიზუსტით ისროდა.
ქართველ კალათბურთელს შეტევაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია დრიბლინგი, პასის მიცემა და შეუძლია მოთამაშეს აიძულოს, რომ აუხტეს სამქულიანის ხაზთან. მას აქვს პოტენციალი, მაგრამ თუ დაცვაში სათანადოდ ვერ ითამაშებს, ამ ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგება“.
შეგახსენებთ, რომ დრაფტზე მე-60 პოზიციაზე სანდრო CBS Sports-ის გამოქვეყნებულ სიაშიც მოხვდა, ეს არჩევანი კი „ინდიანა პეისერსს“ ეკუთვნის.