საკითხი გადაწყვეტილია - არველაძემ „ფატიჰ კარაგიუმრუკთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის „ფატიჰ კარაგიუმრუკს“ ჩაიბარებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახურზე დაყრდნობით თურქული ტელეკომპანია ntv.com-ი ავრცელებს.
„თურქეთის სუპერლიგის „ფატიჰ კარაგიუმრუკმა“ „ანტალიასპორთან“ მარცხის შემდეგ ალფარსლან ერდემი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ წითელ-შავებმა განაცხადეს, რომ შოთა არველაძესთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია“, – ვკითხულობთ ntv.com-ის ვებგვერდზე.
„ფატიჰ კარაგიუმრუკი“ თურქეთის სუპერლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა და ევროზონას 9 ქულით ჩამორჩება.
ქართველი მწვრთნელი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდში, „ჰალ სიტიში“ მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ლუი ვან გაალთან ნიდერლანდურ „ალკმაარში“ (2008–2010) ასისტენტის რანგში დაიწყო, შემდეგ კი დამოუკიდებლად წვრთნიდა თურქულ „კაისერს“ (2010–2012), „კასიმპაშას“ (2012–2015), „ტრაბზონს“ (2015). 2016–2017 წლებში თელ-ავივის „მაკაბიში“ საქმიანობდა, 2017–2020-ში – ტაშკენტის „პახტაკორში“, ხოლო 2022 წელს „ჰალ სიტის“ ავარჯიშებდა.