სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა, რომელიც დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნეს. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს, რასაც ის დათანხმდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს. თარგმანში იყო უზუსტობა. კონკრეტულად რაში, ამის ახსნა ახლა არ შემიძლია, არ მაქვს ძალა, აგიხსნათ ეს ყველაფერი“, – განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურალისტებს.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი არის შესაძლებელი. მისივე თქმით, საპროტესტო აქციას აგრძელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის. საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი.