სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით)“, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.