საკალათბურთო სუპერლიგა - „ბათუმმა“ და „ქუთაისმა“ მეოთხედფინალი გამარჯვებით გახსნეს #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგაში პლეი ოფის კიდევ ორი სერია გაიხსნა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ქუთაისმა“ მერვე ადგილზე გასულ მოქმედ ჩემპიონ „რუსთავს“ უმასპინძლა. შეხვედრა გუნდების მიერ დაკავებული ადგილების შესაფერისად – „ქუთაისის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 100:76.
„ქუთაისს“ მხოლოდ პირველ პერიოდში შეხვდა წინააღმდეგობა, რის შემდეგაც სრულ უპირატესობას დაეუფლა და საბოლოოდ 24 ქულით გაიმარჯვა. მასპინძლებს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი კორსანტიამ ულიდერა – 20 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა. ჯარვის რეიმ 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ადრიან ბოუის ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 პასი დაგროვდა. „რუსთავში“ 20 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი, 19 ქულა მიხეილ ჭოჭუამ მიითვალა.
დაახლოებით ანალოგიური სცენარით წარიმართა მატჩი ბათუმშიც, სადაც სათამაშოდ „ვერა“ ჩავიდა. ამ წყვილში წესით ყველაზე დაძაბული სერია უნდა გაიმართოს, რადგან „ბათუმმა“ და „ვერამ“ ცხრილში შესაბამისად IV და V ადგილები დაიკავეს, თუმცა პირველ მატჩში ბრძოლა არ შედგა. ვერელებმა პლეი ოფში გასვლა პირველი წრის შემდეგ გაინაღდეს, როცა 10 მატჩიდან 8 მოიგეს, თუმცა შემდეგ 2 წამყვანი ლეგიონერი გამოაკლდათ და მეორე წრეში პირუკუ შედეგი – 2 მოგების წილ 8 წაგება იწვნიეს.
შესაბამისად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი „ვერა“ შესუსტებული შემადგენლობის გამო „ბათუმს“ სათანადო ოპონირებას ვერ უწევს. ზღვისპირელებმა მეტოქე 102:82 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
გამარჯვებულთაგან 19 ქულით ქულით ბომბარდირი კაილი რიდლი გახდა. ყველაზე შედეგიანი კი ბექა ბექაური გახდა – 12 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება. „ვერამ“ ერთი ლეგიონერით ითამაშა, რომელიც გუნდში საუკეთესო იყო – ობრი მაკალპინმა 33 ქულა მიითვალა.
gbf.ge