საკალათბურთო კლუბი თსუ საქართველოს თასის მფლობელია  #1TVSPORT
საკალათბურთო კლუბი თსუ საქართველოს თასის მფლობელია  #1TVSPORT

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა თასის გათამაშების ფინალში „ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნული ტიტული მეორედ მოიგო. პირველად სტუდენტებმა ეს 2006 წელს მოახერხეს, როცა „თსუ-ნიკორას“ სახელით ასპარეზობდნენ. მას შემდეგ თსუ კიდევ ორჯერ – 2008 და 2010 წლებში იყო თასის გათამაშების ფინალში, თუმცა ტიტულს ვერ შესწვდა.

ნახევარფინალის მსგავსად, თსუ-ს არც ამჯერად აკლდა ქომაგები. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს ქომაგობა არ აკლდა, თუმცა თამაშის მოგება ერთობ გაუჭირდა. მართალია, ძირითადად თსუ იყო წინ, მაგრამ ზღვისპირელები მეტოქეს წინ არ უშვებდნენ და ჩამორჩენას აბათილებდნენ.

კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა. თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯიმონ ჰენსონმა შეხვედრის ბოლო წუთზე ჰაერივით საჭირო სამქულიანი მიითვალა და სტუდენტების გუნდი 4 ქულით დააწინაურა.  ეს კვე გამარჯვებას ნიშნავდა.

თსუ-ში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა კორი ბოუენმა, რომელიც ოთხთა ფინალის MVP გახდა. მას საუკეთესო მოთამაშის პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.