საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა - გიორგი შერმადინის 15 ქულა სტამბოლში [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 84:88 დათმო. ეს გახლდათ ტენერიფელთა მე-2 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა შერმადინის გუნდმა 17 ოქტომბერს შინ ჩაატარა და ფრანგული „შოლე“ 95:75 დაამარცხა.
სტამბოლში თამაში დაძაბული გამოდგა. „ტენერიფე“ მატჩის მსვლელობისას 18 ქულას იგებდა, თუმცა „დარუშაფაკას“ კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შერმადინს 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა. ქართველი ლეგიონერი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საქართველოს ნაკრების წევრის საერთო მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
თითო მოგება-წაგებით „ტენერიფე“ ჯგუფში მე-2 ადგილზეა, მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს შინ ლატვიურ „ვეფ რიგასთან“ გამართავს.