საიუბილეო გოლი „ლოკომოტივთან“ - გაბედავა 100-იანთა კლუბის წევრი გახდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ დედაქალაქურ დერბიში „ლოკომოტივთან“ შეხვედრის 83-ე წუთზე გოლი გაიტანა, რაც ეროვნულ ლიგაში მისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.
32 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ჩემპიონატის (ეროვნული ლიგა) ეგიდით თავისი მე-100 გოლი გაიტანა. „დინამოს“ ფორვარდი მე-19 ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში 100 ან მეტი გოლი დაუგროვდა.
ფეხბურთელმა კარიერა 2005 წელს ზუგდიდის „მგლებში“ დაიწყო და მას შემდეგ არაერთი ქართული კლუბის ფორმა მოირგო – „გაგრა“, „საბურთალო“, „სამტრედია“, ბათუმის „დინამო“, საჩხერეს „ჩიხურა“, თამაშობდა ასევე პოლონურ „ზაგლებიეში“ და უკრაინაში, მარიუპოლის „ილიჩევეცში“.
გაბედავა 2018 წელს საჩხერის „ჩიხურაში“ ყოფნის დროს ბუდუ ზივზივაძესთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ამავე წელს დასახელდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.
გიორგიმ ეროვნულ ლიგაში პირველად გოლები „გაგრას“ სახელით გაიტანა – ეს 2009 წლის 8 აგვისტოს მოხდა. „გაგრამ“ „ვიტ ჯორჯია“ 4:0 დაამარცხა და ოთხივე გოლი გაბედავამ გაიტანა. პირველ ტაიმში მან ჰეთ-თრიქი შეასრულა (12, 26, 38), მეოთხედ კი მეტოქის კარი მატჩის მიწურულს (87) აიღო.