საინტერესო ფაქტები ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიიდან #1TVSPORT
საინტერესო ფაქტები ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიიდან #1TVSPORT

საქართველოში ფიგურული ციგურაობის ისტორია 1960 წლიდან იწყება, მაშინ თბილისში მოსკოვიდან ცნობილი მწვრთნელი ედუარდ პლინერი ჩამოვიდა და პირველი ჯგუფიც შედგა.

ქართველებმა ყინულზე პირველად 1960 წლის 4 ნოემბერს ისრიალეს, მაშინ ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლის მოედანზე ხელოვნური ყინული დაიგო. ეს ყინული მაშინ მოსკოვის საბალეტო დასის გასტროლებისთვის საგანგებოდ მოამზადეს.

1960 წლის დეკემბრიდან კი ედუარდ პლინერის შეგირდებმა მზადება ბაკურიანში განაგრძეს.

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს პირველი ჩემპიონატი 1961 წელს ჩატარდა. ერთეულთა თანრიგში საქართველოს პირველი ჩემპიონები პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მზია ჯუღელის ქალიშვილი ირინა არხანგელსკაია და ირაკლი ჯაფარიძე გახდნენ.

ირაკლი ჯაფარიძემ 1963 წელს ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის პირველობა მოიგო.

1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი ხელოვნურსაფარიანი საციგურაო დარბაზი, რომლის ბაზაზე პირველი სპორტული სკოლაც გაიხსნა.

საბჭოთა სპორტსმენთაგან მარინა ცერცვაძე იყო პირველი რომელმაც სამმაგი ბრუნი-სალხოვი შეასრულა, ეს იყო 1973 წელს როსტოვში გამართულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე. მარინა ცერცვაძე ზედიზედ ორჯერ 1975 და 1976 წლებში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბესარიონ ცინცაძე არის პირველი ფიგურისტი ვინც 1994 წელს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოსინჯა საკუთარი ძალები.

1997 წელს ვახტანგ მურვანიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიგო. ვახტანგ მურვანიძე ასევე პირველი სპორტსმენია ვინც ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და მან მაშინ მე-17 შედეგი აჩვენა.

ელენე გედევანიშვილი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია ვინც ზამთრის სახეობათა ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე ელენე გედევანიშვილის მიერ მოპოვებული მეათე ადგილი დღემდე საქართველოსთვის საუკეთესო შედეგად ითვლება.

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები რეიტინგის მიხედვით მოხვდა იმ ათ საუკეთესო ქვეყანას შორის რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

დატოვე კომენტარი