საინტერესო ფაქტები „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ შესახებ - გერმანელებმა საპატიო სტუმრად კახა ცხადაძე მიიწვიეს #1TVSPORT
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ნაპოლი“ ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრება. ქართველი ქომაგი მოუთმენლად ელის ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე გამოჩენას, თუმცა იყო დრო, როდესაც „აინტრახტშიც“ გვყავდა ლეგიონერი – კახაბერ ცხადაძე, რომელიც „აინტრახტმა“ საპატიო სტუმრის სტატუსით „ნაპოლისთან” მატჩზე დასასწრებად მიიწვია.
შეგახსენებთ, კახაბერ ცხადაძე „აინტრახტის“ ღირსებას 1992-1996 წლებში იცავდა. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი, 1994 წელს, უეფა-ს თასზე გაიმართა ამ გუნდების ერთადერთი დაპირისპირება ევროტურნირებზე. ორივე მატჩი გერმანელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს (1:0).
1994 წელს გუნდებს არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავდათ. „აინტრახტში“ ბრწყინავდა ჯეი-ჯეი ოკოჩა, ხოლო „ნაპოლიში“ ახალგაზრდა ფაბიო კანავარო გამოდიოდა, რომლისთვისაც ნეაპოლი მშობლიური ქალაქია.
აინტრახტი
გერმანელებმა გასულ წელს ევროპალიგა მოიგეს. ფრანკფურტელებმა დაძაბულ ბრძოლაში „რეინჯერსი“ დაამარცხეს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროპული ტიტული მოიპოვეს.
„აინტრახტის“ ისტორია ევროტურნირებზე შორეული 1960-იანი წლებიდან იწყება. მათ სადებიუტო შეჯიბრებაში (1960 წელს) ფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდნენ და 3:7 დამარცხდნენ. ეს მატჩი უნიკალური იყო იმით, რომ დღემდე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიან ფინალად ითვლება.
წაგებული ფინალის შემდეგ „აინტრახტს“ ევროტურნირებზე 13-წლიანი პაუზა ჰქონდა. ისინი 1972-73 წლების სეზონში უეფა-ს თასზე დაბრუნდნენ, თუმცა ეს სეზონი მათთვის დასამახსოვრებელი არაფრით ყოფილა.
ფრანკფურტელებმა პირველი ტიტული 1979-80 წლების სეზონში მოიპოვეს – უეფა-ს თასის ფინალში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ დამარცხება შეძლეს. შეხვედრა ორი მატჩის ჯამში 3:3 დასრულდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ტიტული „აინტრახტს“ დარჩა.
ნაპოლი
ნეაპოლელების პირველი გამოსვლა ევროთასებზე 1962-63 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასზე შედგა.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 1987-88 წლებში ითამაშა, ხოლო მეორედ – 1990-91 წელს. ამ სეზონის შემდეგ ნეაპოლელებს თითქმის 20-წლიანი პაუზა ჰქონდათ და ლიგაზე მხოლოდ 2011-12 წლების სეზონში დაბრუნდნენ.
ევროთასებზე გუნდის ყველაზე დიდი წარმატება დიეგო არმანდო მარადონას სახელს უკავშრდება. „ნაპოლიმ“ თავისი პირველი და ერთადერთი ევროპული ტიტული 1988-89 წლის სეზონებში მოიგო. იტალიელებმა ფინალში „შტუტგარტს“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:4 სძლიეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ზოგიერთი სხვა კლუბისგან განსხვავებით მდიდარი ევროპული წარსული არ აქვს, ექსპერტები ჩემპიონთა ლიგაზე წლევანდელი სეზონის „ფარულ ფავორიტად“ მიიჩნევენ. თუმცა, მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ ინტრიგა ძალიან დიდია, რადგან „აინტრახტიც“ საკმაოდ კარგ ფორმაშა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 21 თებერვალს თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება. საპასუხო – 15 მარტს, ნეაპოლში.