საია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, შეფასდეს გიორგი მიქაუტაძის კეთილსინდისიერების საკითხი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოფიციალური წერილით მიმართავს. ორგანიზაცია მოუწოდებს საბჭოს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, მიმდინარე გასაუბრების დროს, ის საქმე გაითვალისწინოს, რომელიც ორგანიზაციას წარმოებაში აქვს და მასში გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.
საია-ს იურისტს, ეკატერინე ციმაკურიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე პირდაპირ უკავშირდება მოსამართლის კეთილსინდისიერებას. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე ფიგურირებენ. ციმაკურიძის თქმით, არსებობს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მიქაუტაძესა და ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილს შორის.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით მივმართეთ, რომლითაც ვითხოვთ, რომ განხილული იქნას ჩვენს წარმოებაში არსებული ერთ-ერთი საქმის მნიშვნელოვანი გარემოებები. ეს უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის, როგორც უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატის კეთილსინდისიერების საკითხს. წლებია, ვსაუბრობთ თამარ ხაჭაპურიძის საქმეზე, რომელზეც მართლმსაჯულება აშკარად შერჩევითად მიმდინარეობს. თამარ ხაჭაპურიძის მიმართ დაწყებულია ორი გამოძიება. ერთი არის ფაქტზე, რომელშიც ფიგურირებს გიორგი მიქაუტაძე და რომელიც ეხება არასრულწლოვანი ბავშვის ცემას. ხაჭაპურიძის მიმართ გამოძიება მძიმე ბრალდებით წარიმართა და ის დასრულებულია, სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმე უკვე განხილულია და შედეგიც დადგა. მიქაუტაძის საქმეზე დაწყებული გამოძიება კი, აშკარად გაჭიანურდა. ორ წელზე მეტია, კონკრეტული შედეგი არ დგება, ბრალი არავის წარდგენია, მაშინ, როცა საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ მიქაუტაძე ბავშვს ხელს მოუქნევს. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ბავშვისთვის სახის არეში მიყენებულ დაზიანებებს. ეს გარემოებები მიუთითებს მართლმსაჯულების შერჩევითობას. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი ყურადღების მიქცევა და მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომა, რადგან ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას აშკარად ხელს უშლიდა მისი თანამდებობა. საბჭოს მივმართავთ, გიორგი მიქაუტაძის, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერების საკითხი შეფასდეს სწორედ ამ საქმის გარემოებების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, მიქაუტაძე ვერ დააკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს”, – განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.