თბილისის ზღვაზე აფროსნობის სეზონი გაიხსნა. საგაზაფხულო რეგატის ეგიდით შვიდი რბოლა ჩატარდება. თბილისის თასისთვის რვა ეკიპაჟი იბრძვის – ზოგიერთი სამი სპორტსმენითაა დაკომპლექტებული, ზოგიც – ხუთ-ხუთი აფროსნით.
საწყისი ორი რბოლა „ბრავოს“ ეკიპაჟმა მოიგო, რომელსაც გია კოპალეიშვილი ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ეს ეკიპაჟი გახლდათ 2018 წელს გამართული შემოდგომის თასის გამარჯვებული. საგაზაფხულო რეგატის მომდევნო რბოლები 18-19 მაისს, შაბათ-კვირას გაიმართება.
“წლევანდელი რბოლისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და მიხარია, რომ კარგად დავიწყეთ. შემოდგომის თასის გამარჯვებულები ვართ და იმედია, საგაზაფხულო ეტაპიც ჩვენი ეკიპაჟისთვის წარმატებით დასრულდება” – ამბობს რბოლის გამარჯვებული გია კოპალეიშვილი.
აქვე ვიტყვით, რომ თბილისის მერიამ აფროსნებს ტერიტორია გადასცა. ამავე დროს, დაფინანსების, ინვენტარის და სპონსორის პრობლემებიც გვარდება – შედეგად, უკვე ორი იახტ-კლუბი და საბავშვო აფროსნობის სკოლა ჩამოყალიბდა და განვითარების პერსპექტივა გამოჩნდა. ამის მაგალითად ეს ფაქტი გამოდგება – ახლახანს, აფროსნობის სკოლის წარმომადგენელი თურქეთში იმყოფებოდა და 375 ეკიპაჟს შორის საუკეთესოთა შორის მოხვდა.