საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ თბილისში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირებისა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე.