საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ლიცენზიის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის, წიაღით უკანონოდ სარგებლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, მდინარე სუფსის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ახდენდა ქვიშა – ხრეშის მოპოვებას, რომელიც შემდგომ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ფორმალურად აისახებოდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე.
დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, უკანონოდ იქნა მოპოვებული 15 775 კუბური მეტრი ქვიშა – ხრეში, გარემოზე მიყენებული ზიანი 15 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე, 299-ე, 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.