საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ გადასცემდა დაინტერესებულ პირს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.