საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდის საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26 644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.