საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს უფასო პარკირების უფლებას აძლევდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.