საფრანგეთში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე ტერაქტს ამზადებდა #1TVSPORT
საფრანგეთში დააკავეს რუსეთის 18 წლის მოქალაქე, რომელიც პარიზის ოლიმპიადისას ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც BFMTV პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი 22 მაისს დააკავეს შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (DGSI) თანამშრომლებმა. მათ ეჭვი აქვთ, რომ „ისლამიზმით შთაგონებული“ რუსეთის მოქალაქე 2024 წლის თამაშების დროს სენტ-ეტიენის საფეხბურთო სტადიონზე თავდასხმას აპირებდა.
გამოძიების პირველადი მონაცემებით, მამაკაცი ამზადებდა მაყურებლებსა და პოლიციის თანამშრომლებზე მიზანმიმართულ ტერაქტს სტადიონ „ჟოფრუა გიშარზე“, რომელზეც ზაფხულში ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩები გაიმართება. ეჭვმიტანილი საკუთარ სახლში დააკავეს – მას შემდეგ, რაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა პირველი დაზვერვა. მას კვირას წაუყენეს ბრალი, როგორც ტერორისტული ჯგუფის მეთაურს, რომელიც ამზადებდა დანაშაულს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიზნით. დაპატიმრების შემდეგ ის საგამომძიებლო იზოლატორში მოათავსეს.
ჩხრეკისას გამომძიებლებმა რუსი მოქალაქის კომპიუტერში სენტ-ეტიენის სტადიონის ფოტო აღმოაჩინეს, აგრეთვე მის ტელეფონში ამავე სტადიონის ვიდეო იყო ჩაწერილი.
აღნიშნავენ, რომ დაკავებამდე ეჭვმიტანილი არ იყო ცნობილი პოლიციისა და იუსტიციის ორგანოებისთვის. ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთში 2023 წელს მშობლებთან ერთად ჩავიდა. მისი არასრულწლოვანი ძმაც დააკავეს, მაგრამ მალე გაანთავისუფლეს.
„ეს არის პარიზის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე თავდასხმის აცილების პირველი შემთხვევა, აგრეთვე 50-ე პოტენციური თავდასხმა, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული აღკვეთეს ჩვენმა სამსახურებმა“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა.